ავტორიზაცია
შიდა ქართლის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია
ავტორი: მაგდა ღვინიაშვილიანოტაცია:
შიდა ქართლის რეგიონი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ რეგიონს. დღემდე შიდა ქართლის შესახებ არსებობს მხოლოდ წმინდა სამეცნიერო გამოკვლევები. იშვიათია (ან ძალიან ძველია) კარტოგრაფიული წყაროები, რომლებზეც აღბეჭდილია რეგიონში მიმდინარე პროცესები და მოვლენები. XXI საუკუნეში, როდესაც გეოსაინფორმაციო სისტემებმა მოიცვა თითქმის ყველა სამეცნიერო დარგი, დღემდე არ შექმნილა შიდა ქართლის მონაცემთა ბაზა, სადაც ასახული იქნებოდა ის მოვლენები და პროცესები, რომლებიც აქტუალური და მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. შიდა ქართლის ტერიტორიაზე იშვიათადაა შექმნილი საზოგადოებრივი და ბუნების მოვლენათა რუკათა სერია (კრებული), რომელშიც განხილული იქნებოდა ამა თუ იმ პროცესების დინამიკა და მათი ურთიერთკავშირი. ნაშრომი შედგება სამი თავისგან, რომლებშიც განხილულია რეგიონის ბუნებრივი გარემოს ანთროპოგენური ტრანსფორმაცია. პირველი თავი ეხება ბუნების ცალკეული კომპონენტის სახეცვლილებებს (რელიეფი, შიდაწყლები, მცენარეულობა და ა.შ), სადაც ყურადღება გამახვილებულია ანთროპოგენური ზემოქმედების მასშტაბებზე და ფორმებზე. მეორე, ძირითადი თავი, მიძღვნილია შიდა ქართლის ლანდშაფტების გამოვლენაზე, მათ დახასიათებასა და ანთროპოგენური ზემოქმედების ხარისხზე. ბოლო, მესამე თავში, განხილულია რეგიონის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია, აგრეთვე, მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები. ნაშრომს თან ერთვის რეგიონის მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა.