ავტორიზაცია
მდ. დურუჯის აუზის გეოდინამიკური მდგომარეობა და ღვარცოფების საშიშროების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის მიზნით ჩატარებული ჰიდროლოგიური მოდელირების შედეგები
ავტორი: ოთარ ქურციკიძესაკვანძო სიტყვები: ღვარცოფული პროცესები, ჰიდროლოგიური მოდელი, ეფექტური ნალექი
ანოტაცია:
მდ. დურუჯის ხეობის ჰიდრომეტეოროლოგიური, მორფოლოგიუირი, და გეოლოგიური მახასიათებლები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან მაღალი საშიშროების ღვარცოფული პროცესების პერიოდულად გააქტიურების თვალსაზრისით. ისტორიული ცნობებით, ქ, ყვარელში, ისევე როგორც მთლიანად კახეთის რეგიონში, ღვარცოფული პროცესები წარსულშიც ფართოდ ყოფილა განვითარებული და დიდ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას და ზოგჯერ მთავრდებოდა ადამიანთა მსხვერპლით. გამომდინარე იქიდან, რომ მდ. დურუჯის ხეობაში წარმოქმნილი ღვარცოფები დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქ. ყვარლის მოსახლეობას და მის ინფრასტრუქტურას, XX საუკუნის დასაწყისიდან პერიოდულად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები ქალაქის მოსახლეობის დასაცავად. დიდ მნიშვნელობას იძენს ქ. ყვარელისა და მდ. დურუჯს შორის არსებული ღვარცოფდამცავი სანაპირო დამბის უსაფრთხოდ ფუნქციონირება, აგრეთვე ქალაქის მიმდებარედ მდინარის კალაპოტის გაწმნედა დაგროვილი ინერტული მასალისგან. ამჟამად დაბალი სიმკვრივის წყალნატანი ღვარცოფული ნაკადების გავლის პირობებში, მიმდინარეობს დამცავი დამბის ძირის ინტენსიური გარეცხვა და დეფორმაცია. აღნიშნული დამბის ცალკეულ უბნებზე ნაპირსამაგრი ბეტონის ნაგებობები და გაბიონები მწყობრიდან არის გამოსული, რომელთა რეაბილიტაცია აუცილებელია. 1990 წლიდან აღარ მიმდინარეობს კალაპოტის რეგულარული გაწმენდა, რის გამოც დღეისათვის მისი ჰიფსომეტრიული დონე უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე ქალაქის ტოპოგრაფია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, ღვარცოფსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა, რაც საჭიროებდა დამატებით კვლევებს. 2014 წლის განმავლობაში, პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრის (PCPM) დაფინანსებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების და პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, მდ დურუჯის ხეობაში პერიოდულად მიმდინარეობდა საველე სამუშაოები, რის შემდეგაც, არსებული ფონდური მასალების და ახალი კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეჯერებით, შეფასდა მდ. დურუჯის ხეობაში დღეისათვის არსებული გეოდინამიკური მდგომარეობა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების დასახვით. პროექტის ფარგლებში მდ. დურუჯზე გაკეთდა განივი პროფილები, შემდეგ კომპლექსური მონაცემები დამუშავდა ArcGIS პროგრამაში და DHI_MIKE ის გამოყენებით განხორცილედა მდ. დურუჯის აუზის ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირება. წარმოდგენილი ნაშრომი განხილულ უნდა იქნას როგორც ბაზისური საფუძველი საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და მომავალში ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის უზრუნველყოფისათვის.