ავტორიზაცია
2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების ანალიზი
ავტორი: ირაკლი მეგრელიძესაკვანძო სიტყვები: სტიქია, ღვარცოფი, მეწყერი
ანოტაცია:
2015 წლის 13-14 ივნისს, მდ. ვერეს აუზში მოსულმა ძლიერმა ნალექმა (თბილისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით 3-4 საათში დაფიქსირდა 49 მმ ნალექი) მდინარე ვერესა და მის შენაკადებზე გამოიწვია წყლის დონის მკვეთრი მატება და დამეწყვრითი პროცესების გააქტიურების შედეგად, წყნეთი-ახალდაბას მონაკვეთზე დიდი მოცულობის სელის/ღვარცოფის წარმოქმნა, რამაც ქ. თბილისში, მდ. ვერეს ხეობის დაბალ ნიშნულებზე განლაგებული საცხოვრისები, სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები, შენობა-ნაგებობები და თბილისის ზოოპარკი საგრძნობლად დააზიანა ან/და გაანადგურა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 19, დაკარგულად მიიჩნევა სამი ადამიანი. დღეისათვის მდ. ვერეს აუზში სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროება კვლავ ნარჩუნდება, რადგან მდ. ჯოხონისხევში (მდ. ვერეს შენაკადი) წარმოქმნილი მეწყრის შედეგად აკუმულირებულია საკმაოდ დიდი მასა, რამაც შესაძლოა უხვი ნალექის პერიოდში ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა ზემოხსენებული ხეობისათვის ჩატარდეს დეტალური გეომორფოლოგიური და გეოლოგიური კვლევები, აშენდეს ცხაურის ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და დაინერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა, რაც საშუალებას მოგვცემს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების შესახებ დროულად გავაფრთხილოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები და მოსახლეობა.